მონასტრის სტრუქტურა
კარიბჭეს რომ გადააბიჯებ, შენ წინაშე აღიმართება დარბაზული ტიპის ტაძარი, რომელსაც სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან მინაშენები აქვს.
შიგნით შესული თვალს ვერ მოსწყვეტ ტაძრის მოხატულობას, რომელიც XIV საუკუნეში, მეფე გიორგი ბრწყინვალის დროს არის შესრულებული.
ისტორიული მიმოხილვა
უბისის ისტორია IX საუკუნიდან იწყება და იგი გრიგოლ ხანძთელის სახელთანაა დაკავშირებული. მამა გრიგოლი აფხაზთა მეფის დიდი მოწადინებით, ეკლესიის ასაგებად საგანგებო ადგილს არჩევს „და მოვლენ ქვეყანანი, საგონებელნი სამონასტრედ“. გიორგი მერჩულე უბისის დაარსების შესახებ შემდეგს მოგვითხრობს: „მაშინ მამამან გრიგოლ სარწმუნოებისა მეფისა აღაშენა მონასტერი და უწოდა სახელი მისი უბეი“.
სწორედ გრიგოლ ხანძთელის დროს აგებულად მიიჩნევს უბისის მთავარ ტაძარს რ. შმერლინგი. მონასტრის შემდგომი ისტორია დაკავშირებულია XII საუკუნესთან (1141 წელი).
მონასტრის ფრესკები
მონასტრის კედლები თორმეტი საუფლო დღესასწაულის შესახებ მოგიყვება. განსაკუთრებით გამოირჩევა საიდუმლო სერობისა და წმინდა გიორგის ფრესკები.
როგორც მატიანე იუწყება, კედლის მხატვრობა იმ დროის გამოჩენილ მხატვარს დამიანესა და მის მოწაფეს გერასიმეს ეკუთვნით.
ისტორიული კოშკი
ტაძრის უკან მდგარი ოთხსართულიანი კოშკი 1141 წლით თარიღდება. შესასვლელი მას მეორე სართულიდან აქვს. აქ დაგხვდება იმდროინდელი ბუხარი, განჯინები და საპირფარეშოც კი.
მეორე სართულიდან ჩახვალ კოშკის პირველ სართულზე, რომელსაც საკუჭნაოს დანიშნულება ჰქონდა. მესამე სართული ლოცვისა და შრომისათვის იყო განკუთვნილი, ხოლო მეოთხე სართული თავდაცვით ფუნქციას ასრულებდა.
ფერწერული სკოლის უნიკალური ნიმუშები
უბისის ტაძრის მხატვრობამ ქართული ფერწერული სკოლის უნიკალური ნიმუშები შემოგვინახა. მოხატულობა პალეოლოგოსური სტილის მხატვრობას განეკუთვნება — ერთიანად, ხალიჩისებურად დაფარული კომპოზიციებით.
შ. ამირანაშვილის გამოკვლევებით, მხატვრობა დამიანეს ეკუთვნის, ხოლო აკადემიკოს ვ. ბერიძის აზრით, ტაძარი დამიანეს მოსწავლეს გერასიმეს მოუხატავს.
ადგილმდებარეობა
უბისას სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, იმერეთში, ხარაგაულის რაიონში, ზესტაფონის აღმოსავლეთით 15 კმ-ის მოშორებით, სოფელ უბისას ჩრდილო-აღმოსავლეთით.
📍 გახსნა Google Maps-ში